Monday, 14 March 2016

ლიტერატურა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. მასში მკაფიოდ ასახულია ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი წარსული, მისი ნაფიქრ-ნააზრევი, მისწრაფებანი, იდეალები. ამასთანავე ქართულმა ლიტერატურამ დიდი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. თავისი შესანიშნავი მწერლობით ქართველმა ხალხმა გარკვეული წვლილი შეიტანა საკაცობრიო კულტურის ისტორიაში. ასეთი მნიშვნელობის მიუხედავად, დღემდე არ მოგვეპოვება ქართული მწერლობის სრული თანმიმდევრული მეცნიერული კურსი. ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად “ქართული ლიტერატურის ისტორიის” ექვსტომეული, რომლის გამოცემას წინამდებარე ტომით იწყებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ექვსტომეული ემყარება ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მთელ მონაპოვარს. იგი უპირატესად განკუთვნილია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის. ამიტომ იწერება შედარებით ადვილად ასათვისებელი ენით, თხრობა არ იტვირთება ვიწრო სპეციალური საკითხების მიმოხილვით, ტექსტს არ ამძიმებს ვრცელი სქოლიოები და შენიშვნები, ზომიერადაა მითითებული პირველ წყაროებსა და ძირითად სამეცნიერო კრიტიკულ ლიტერატურაზე

No comments:

Post a Comment